English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ანზორ კურატაშვილი
სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა და საერთაშორისო ბიზნესის ეფექტიანობის კრიტერიუმი

ვრცელი რეზიუმე

სამეცნიერო ნაშრომში განხილულია სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის არსი და სპეციფიკური თავისებურებანი, და ამის გათვალისწინებით შემოთავაზებულია საერთაშორისო ბიზნესის ეფექტიანობის კრიტერიუმი.

კერძოდ, სამეცნიერო ნაშრომში აღნიშნულია, რომ სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის არსი მდგომარეობს ისეთი საბაზრო-ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირებაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერთდროულად სწრაფვა მაქსიმალური მოგების მიღებისაკენ და სოციალური ორიენტაცია.

რაც შეეხება სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის სპეციფიკურ თავისებურებებს, ისინი ასევე გამოვლინდება მაქსიმალური მოგების მიღებისაკენ სწრაფვით და ერთდროულად სოციალური ორიენტაციით.

ამასთანავე, აუცილებელია აღინიშნოს, რომ თუმცა სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა დაიბადა კაპიტალიზმის პირობებში, რომლისთვისაც დამახასიათებელია მისი ფუნქციონირების წმინდა ეკონომიკური მიმართულება _ სწრაფვა მაქსიმალური მოგების მიღებისაკენ, ანუ თუმცა კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელია ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის ბატონობა ადამიანზე, მაგრამ თვითონ სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის დაბადება წარმოადგენს, ერთი მხრივ, კაპიტალისტური სისტემის იძულებით “მოდიფიცირებას”, მიმართულს კაპიტალიზმის გადასარჩენად, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა წარმოადგენს სოციალური მიზნის ფილოსოფიის კანონზომიერ (თუმცა ბევრისთვის გაუცნობიერებელ) გამოვლინებას.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ თუმცა სოციალური მიზნის ფილოსოფია, როგორც საზოგადოებრივ-სახემწიფოებრივი განვითარების კანონზომიერება, ევოლუციური გზით იკვლევს გზას, მაგრამ ეს ხდება ძალიან ნელა და დიდი წინააღმდეგობების გადალახვით, რამეთუ კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი - ფულის ბატონობა, ბაზრის ბატონობა, მოგების ბატონობა, კაპიტალის ბატონობა ადამიანზე, ბრძოლის გარეშე არასოდეს არ თმობს თავის პოზიციებს.

ამიტომ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფუნქციონირებაში, და აგრეთვე მთლიანად საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნქციონირებაში, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, შეუძლებელია საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანი სოციალური ორიენტაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო ბიზნესის და საერთოდ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ეფექტიანობის კრიტერიუმად, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში უნდა განიხილებოდეს საერთაშორისო ბიზნესის და მთლიანად საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ აგრეთვე, უპირველეს ყოვლისა, სოციალური შედეგიანობა.